მსოფლიოში ცნობილია ვაზის 4000-მდე ჯიში. საქართველოში ვაზის 500-მდე ადგილობრივი ჯიშია, რომელთაგან სტანდარტულ ასორტიმენტში შეტანილია 62 ჯიში, მათ შორის 29 საღვინე და 9 სუფრის.
გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია; რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.
ალადასტური
ალადასტური, ქართული ვაზის ჯიში. მისი ყლორტების 75-77% ნაყოფის მომცემია. ნაყოფი წითელია, საღვინე და სუფრისა. მტევანი საშუალოდ 200 გ იწონის. მწიფდება ოქტომბრის შუა რიცხევებში, ინახება გაზაფხულამდე, ტრანსპორტაბელურია. მოსავლიანობა – ჰექტარზე 70-100 ცენტნერი. ალადასტური გავრცელებულია ჩოხატაურის, ოზურგეთის, ვანისა და სამტრედიის რაიონებში. მისგან აყენებენ წითელ ღვინოს, რომელსაც ალკოჰოლისა და მჟავიანობის ჰარმონიული შეფარდება, საუკეთესო სხეულოანობა და სასიამოვნო სურნელება აქვს. გადამწიფებული ყურძნისაგან მზადდება მაღალხარისხოვანი, ნახევრად ტკბილი ღვინო “ალადასტური”.
ალექსანდროული
ალექსანდროული, ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. იზრდება საშუალო ინტენსივობით. ნაყოფს იძლევა ყლორტების 70-90%, მტევნის საშუალო წონაა 90-100 გ. ყურძენი მწიფდება სექტემბრის ბოლოს, საშუალო მოსავლიანობა 55-60 ც/ჰა-ზე. გავრცელებულია ამბროლაურისა და ცაგერის რაიონებში. როცა ყურძნის შაქრიანობა 27-28%-ია, მჟავიანობა კი – 6-8%, აყენებენ მაღალი ღირსების ბუნებრივად ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს “ხვანჭკარას” (ძირითადად ხვანჭკარის მირკორაიონში), ხოლო ნაკლებშაქრიანობისას (20-21%) სუფრის ღვინოს – ” ალექსანდროულს”.
No comments:
Post a Comment